Ennui Mze Ukunisa 1. Flowers of Silence ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა (მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით). სულში უიმედო სივრცე გაიშალა, გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის. ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები, მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი. მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები, მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი. ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა, როგორც ღამეების მიერ გადამწვარი. ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა, მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი. ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია, ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი. მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია, მოდის გათენება, როგორც ბალდახინი… 2. Dead Desires დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები. რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია. სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით, ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება. თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას. და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი, დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით. ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი, არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების. მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა. გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია, ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია... 3. Maybe the Time Shall Come ალბათ მოვა დრო - შენც აინთები, ახლა დარდების მძიმე წუთია. მიწას ადგია ცა გარინდებით და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია. არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის, ადამიანის ბედი კრულია. დადუმებული კიდია ზარი და თითქოს ზარი საყდრის გულია. მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც, ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან. დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე და ეკლესია თითქოს თოვლია. 4. The Way of My Life's End ასე თავდება ჩემი ცხოვრება, იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს. მწყურია ზეცის გამოთხოვება, მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო. მგონია ეს დრო სიკვდილს მავალებს, ვწევარ და მინდა გავიდე ველად, ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი, კივის და თითქოს თხოულობს შველას. სიცოცხლე ქრება, მე რაღაც მშველის, ქსელში გავები, როგორც ობობა. მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი, ეს ისევ კამოს სავადმყოფოა.8 ავად ვარ, თუმცა სიცხე კლებულობს, თქვენც დაიღალეთ, ჩემო მკლავებო. მშვიდობით, მთვარევ, გაყვითლებულო, მშვიდობით, ზეცავ და ვარსკვლავებო. 5. Frozen Candle საღამო ამნაირ სახის დარდივით გაჩნდება ისევ. დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს, დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს. გათავდა ცრემლების თოვა, ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს. და თეთრი ქალწული - გლოვა ეცემა სისხლიან მინას. და ირგვლივ სამარეს უვლის ფარული სურვილის ლანდი. და ჩემი მწუხარე სული მსგავსია დათოვლილ სანთლის. ეს მხარე ღამდება, რადგან ცისფერი იმედი მიდის. როგორი სიჩუმე დადგა, ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!.. მე წავალ სხვანაირ სახით, ჩემს წასვლას დიდება მისდევს. დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს, დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს. 6. Memento Mori ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია. ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა. დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი, ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე. რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი, მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე. სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია, ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი. ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის. ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ, როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის. მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება, ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი. რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო, მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები. ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო, რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით. ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა, მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია. ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს ”Memento Mori”-ა.